კორონავირუსით შექმნილი საფრთხის გამო, მსოფლიოში ადამიანები უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ოჯახში ჰარმონია ისადგურებს და ოჯახების წევრები ერთმანეთს კიდევ უფრო უახლოვდებიან. ჩინეთიდან მოდის ცნობები ოჯახში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ზრდაზე, ევროპაში ცხელი ხაზები უკვე იუწყება ზარების გახშირებაზე. სპეციალისტების აზრით, შექმნილი არაორდინარული ვითარება ყველაზე მეტად ზოგიერთ ბავშვსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე იმოქმედებს. ევროპის პრესა ამ რთულ პრობლემას ეხმიანება.
შვედეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის გამოცემა Dagens Nyheter 18 მარტის ნომერში წერს: „ძალადობრივ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების გარდა, არიან ბავშვები, რომელთა მშობლებიც ფსიქიკურ დაავადებას ან ძალადობის თავიანთი გამოცდილების შედეგებს ებრძვიან. ამ ბავშვებისთვის საბავშვო ბაღები და სკოლები თავშესაფრის ფუნქციას ატარებს. აქ მათ ცხოვრებას ოდნავი სტაბილურობა ეძლევა, აქ არიან უფროსები, რომლებიც მათ გარემოზე ზრუნავენ. ახლა მათ ეს უსაფრთხო გარემო წაერთვათ. პანდემია ცხოვრების ჩვეულ სტილს მასშტაბურ შეზღუდვებს მოუტანს. ალტერნატივა არ არსებობს, საქმე გადარჩენას ეხება. მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას მოსდევს სხვა უარყოფითი შედეგებიც, რომლებიც უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ“.
ავსტრიაში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტულ გამოცემაში Falter რეგულარული ავტორი, მელისა ეკრუტი, 18 მარტს წერს, რომ სკოლების დახურვა კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სოციალური პრივილეგიების უქონელი ბავშვების სამომავლო პერსპექტივას. „გარდამავალ ასაკში მოსწავლეებს ზოგადად უჭირთ სწავლის მოტივაციის პოვნა. თუკი ამას ის გარემოება ემატება, რომ მათ მშობლებისგან მხარდაჭერა არ აქვთ და საათობით უნდა უცადონ იმას, თუ როდის დაასრულებს მათი ძმა კომპიუტერის მოხმარებას, მათ პრაქტიკულად კარგი განათლების მიღების არანაირი შანსი არ რჩებათ ამ კორონავირუსის ჟამს. ის მოსწავლეები, რომლებიც წინსვლას შეძლებენ, სწორედ ისინი იქნებიან, ვინც, როგორც წესი, სკოლაში ისედაც კარგად სწავლობს ხოლმე - საშუალო სოციალური კლასის შვილები. სახლში ყოფნის ამ კვირებში თუ თვეებში, მოსწავლეები, რომლებიც აკადემიურად უკვე ჩამორჩებიან სხვებს, კიდევ უფრო უკან დარჩებიან. [ავსტრიის] განათლების მინისტრმა უნდა წარმოადგინოს მკაფიო გეგმა, ერთიანი მიდგომა და იმ ბავშვებსაც უნდა მისწვდეს, რომლებიც განათლებული გარემოდან არ მოდიან“.
სასწავლო პროცესის სახლებში გადატანის შედეგებს ეხმიანება ფინეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Lapin Kansa-ც 18 მარტს. „დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა უბრალო საქმე არ არის მაშინაც კი, როცა ვცხოვრობთ ციფრულ სამყაროში, რომელშიც ბავშვები და ახალგაზრდები თავს განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობენ. პრობლემას ქმნის ის, რომ არც მოსწავლეებს და არც ბავშვებს არ აქვთ ერთნაირი პირობები დისტანციურ სწავლებაზე გადასასვლელად. ზოგიერთი უკვე იცნობს ამ პრაქტიკას, სხვებისთვის ეს პირველად ხდება. და, ასევე, ყველას არ აქვს ერთნაირი ტექნიკა და ინტერნეტთან კავშირი. საყოველთაო სკოლების სიძლიერე ისაა, რომ იქ ყველა მოსწავლე თანასწორია. მაგრამ ახლა ეს ასე აღარ არის“.